ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტები

განათლება პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმისათვის. ამ მიზნით მუზეუმის ადმინისტრაცია რამოდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. შეიქმნა პროგრამა „ახალგაზრდა გიდები“, რომელშიც მცხეთის რაიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. ახალგაზრდები მუზეუმის მცოდნე და გამოცდილი თანამშრომლების დახმარებით ეუფლებიან გიდის პროფესიის თავისებურებებს, სწავლობენ მუზეუმის ისტორიას, შემდგომში  კი თავად ეძლევათ საშუალება  გასწიონ გიდობა მუზეუმში მოსული ვიზიტორთათვის.

ძალზედ რეზონანსული აღმოჩნდა პროექტი „მუზეუმი სკოლაში“. პროექტის პირველი ეტაპი მცხეთის რაიონის საჯარო სკოლებს მოიცავს. ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ანდრო ბედუკაძე, მუზეუმის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებთან ერთად სტუმრობს რაიონის სკოლებს, ხვდება მოსწავლეებს, აცნობს მათ ილიას ცხოვრებასა და მოღვაწეობას, შეაქვს მათ რეალობაში მუზეუმი, როგორც მუდმივად  განახლებადი ორგანიზმი და არა როგორც ნივთთა საცავი. პროექტის ფარგლებში უკვე შედგა შეხვედრა ქ. მცხეთის, სოფელი ქსნის, გალავნის, საგურამოს, წეროვნის, ნიჩბისისა და ძეგვის საჯარო სკოლებში.

პროექტის მიმდინარეობის პირველმა ეტაპმა ძალზედ კარგი შედეგი გამოიღო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრები ერთჯერადად არ ტარდება, მუზეუმი განაგრძობს ურთიერთობას სკოლებთან და სთავაზობს მათ თანამშრომლობის ახალ ფორმებს.  ამ დროის მანძილზე აღმოჩენილ იქნენ ნიჭიერი ახალგაზრდები მხატვრობაში, პოეზიასა  თუ მხატვრული კითხვის ოსტატობაში. მუზეუმი საშუალებას აძლევს მათ უკვე ახალ სივრცეში გამოავლინონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში სპეციალურად მცხეთის რაიონის საჯარო სკოლების მისწავლეთათვის მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში. დამთვალიერებელს შეეძლო ეხილა მოსწავლეთა ნამუშევრები, ნაქარგები, ნახატები და ა.შ. ამას გარდა, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ეწყობა შეხვედრები პრემია „საგურამოს“ ლაურეატებთან. შეხვედრა შედგა მურმან ჯინორიასთან, ტარიელ ხარხელაურთან, გიორგი ლობჟანიძესთან, მანანა ჩიტიშვილსა და დავით მაღრაძესთან. შეხვედრებს აქტიურად ესწრებიან მუზეუმის ახალგაზრდა მეგობრები, მათ საშუალება ეძლევათ სტუმრებთან დასვან შეკითხვები, მოამზადონ მათთვის ლექსები, წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები ან უბრალოდ მოეფერონ მათთვის საყვარელ ადამიანებს.

პროექტები, რომლებსაც ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი ახორციელებს არ გახლავთ ერთჯერადად მოწყობილი. მუზეუმის მიზანია თავის სივრცეში ერთდროულად თანაარსებობდნენ, როგორც წარსულის სახეები, ისე მომავალი თაობის წარმომადგენლები. პროექტები აუცილებლად გაგრძელდება და შემდგომში კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

გააზიარე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *