ღამის მუზეუმის მისტერიები

ღამის მუზეუმის მისტერიები

ისევ გავაცოცხლეთ ღამით მუზეუმი. აქცია, რომელსაც მეორე წელია ვუერთდებით ძალიან კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ მუზეუმმივიწყებული, მუზეუმდაკარგული ადამიანები ხელახლა მოვიზიდოთ და ხელახლა შევაყვაროთ მუზეუმი, სიძველეები, ისტორია. მათ, ვინც მოვიდა ჩვენთან ღამით მუზეუმში, იცის თუ რა გრძნობაა ილია ჭავჭავაძის განათებულ, აჟრიამულებულ ეზოში მოსვენება. თითქოს ლანდებიც მოძრაობენო, ასე ჰგონია აქ მოსულ კაცს და უღიმის, ვინ იცის ვის. იქნებ სწორედ მას, ვისაც ასე ძლიერ უყვარდა ქართული გენი და ქართული მიწა.

მუზეუმში შესულს თხუთმეტიოდე წლის, თვალანთებული გიდები შემოგხვდებიან. დიახ, არ გეშლებათ, ისინი ილიას ნათელ და სამართლიან გზას მიუყვებიან. მოგითხრობენ როგორ ცხოვრობდა, როგორ ქმნიდა და აშენებდა ჩვენს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ეზოში გამოსულს, თუ თავსხმა წვიმამ არ მოგისწრო, სცენაზე აგუგუნებული ახალგაზრდების გუნდი შემოგხვდებათ. ფანდურს აკვნესებენ, ლექსებს კითხულობენ და აშრიალებენ უხნეს ჭადარს, მრავალი ჭირ-ვარამისა და ლხენის მომსწრეს. აივნიდან თამაზ ჩხენკელის სიტყვები შემოგვესმის, ისიც ბავშვის პირით ამეტყველებული.

ახალგაზრდები მოდიან, ილიაზე შეყვარებული ახალგაზრდები.

27 მაისს წვიმამ არ გვაცალა. მეც მინდა ღამით მუზეუმშიო და წამოუშინა. სხვა რა გზა გვქონდა, ავიკრიფეთ აპარატურიან-სტუმრებიანად და გადავინაცვლეთ შენობაში. ანსამბლის ბიჭებმაც არ დააყოვნეს და ისეთი „ჩემო კარგო ქვეყანა“ დასცხეს, რომ ვიცი, გვლოცავს იქიდან ილია და იმხელა მადლით გვავსებს, რომელიც მხოლოდ ჩვენთან, ღამის მუზეუმში მოსულ ადამიანი შეიგრძნობს.

მოდი მუზეუმში! არ აქვს მნიშვნელობა დღის რომელ მონაკვეთში. მოდი და გახდი ისტორიის შემოქმედი.

გააზიარე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *