12 სექტემბერი – დღე ილიას ხელახალი დაბადებისა

12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან 109 წელი აღინიშნა. დღე, როდესაც ქვეყნის მტრებმა მუხანათურად მოკლეს საქართველოს უგვირგვინო მეფე.
ილიას ხსოვნისადმი პატივის მისაგებად დიდძალი ხალხი შეიკრიბა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში. ახალგაზრდების ტევა აღარ იყო ილიასა და ოლღას მამულში. „დღეს მოკლეს, მაგრამ ვერ მოკლეს ილია“, – ამ სიტყვებით მიმართა საგურამოში შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით დღე ილიას გარდაცვალებისა ილიას მარადიული სიცოცხლის დასაწყისად იქცა. ამასვე მოწმობდა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში შეკრებილი საზოგადოება. ამის მოწმენი არიან ის ადამიანები, როლებიც დღესაც ილია ჭავჭავაძის მოძღვრებისა და იდეის გამტარებლები არიან.
12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში მოსულ სტუმრებს მრავალფეროვანი გარემო ელოდათ. დღის განმავლობაში გაიმართა ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ნაჩვენები იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გადაღებული ფილმის ჩვენება „ვინ მოკლა ილია…“. შედგა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივისავე მიერ შექმნილი წიგნის პრეზენტაცია „არქივის კვალდაკვალ – მცხეთა-მთიანეთი“.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ კულტურის სფეროს მოღვაწეები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები, ვისთვისაც ილია ისევ ცოცხალია და ვისთვისაც მისი სახელის არსებობა მარადიულია.

გააზიარე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

September 14, 2016