21 მაისი – „ღამე მუზეუმში“

„ღამე მუზეუმში“

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის გოჩა ზეიკიძის და მცხეთის რაიონის გემგეობის ფინანსური მხარდაჭერით მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 21 მაისს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში აქცია „ღამე მუზეუმში“ გაიმართა. ამ დღეს მუზეუმი მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებით შეხვდა. დამთვალიერებლებისათვის მუზეუმი ღამის 1 საათამდე ღია იყო და ვიზიტორები თავად გახდნენ იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილნი, რომლებიც აქციის ფარგლებში გაიმართა.
21 მაისს შედგე პრეზენტაცია სრულიად ახალი პროგრამისა „ახალგაზრდა გიდები“. პროგრამა იმით არის გამორჩეული და განსაკუთრებული, რომ მუზეუმი საშუალებას აძლევს მოზარდს მოვიდეს და ეზიაროს სამუზეუმო ცხოვრებას. მცხეთის რაიონის სკოლის რამოდენიმე მოსწავლე მთელი თვის განმავლობაში სწავლობდა მუზეუმის ისტორიას, გამოცდილი და კვალიფიციური გიდების დახმარებით ეცნობოდნენ გიდის პროფესიის თავისებურებებს. 21 მაისს კი საშუალება მიეცათ წარმსდგარიყვნენ ფართო აუდიტორიის წინაშე და გამოევლინათ მიღებული ცოდნა. პროგრამის პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა და პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა სიმრავლე მის აქტუალობასა და საჭიროებაზე მიგვანიშნებს.
დღის კულმინაციას კი კონცერტი წარმოადგენდა ლეგენდარულ ანსამბლ „ქართული ხმების მონაწილეობით. „მე-19 საუკუნის პოეზია მუსიკაში“ – ასე ერქვა კონცერტს, რომელზეც ილიას, აკაკის, ვაჟას, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა ტექსტებზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები აჟღერდა. დღის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას „ქართული ხმებისადმი“ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის ანდრო ბედუკაძის მიერ ილიას ოქროს მედლის გადაცემა წარმოადგენდა „ქართული კულტურის წინაშე დამსახურებისა და ილიას მუზეუმის ხანგრძლივი, უანგარო თანადგომისათვის“.
დღის ბოლოს კი მუზეუმში გაიმართა პოეზიის საღამო ქალაქ მცხეთის ახალგაზრდა პოეტების მონაწილეობით. ილია ელიზბარაშვილმა, თენგო ხუციშვილმა და ნიკა ჭიკაიძემ დამსწრე საზოგადოებას თავიანთი შემოქმედება წარუდგინეს.

გააზიარე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *